პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, რუსეთის პრეტენზიებისა და პირობების მოსასმენად მასთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.
ამის შესახებ საყვარელიძემ ~ჯი-ეიჩ-ენს~ ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქათველოს~ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტსა და რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
~საქართველოს ხელისუფლების ვერსიაა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დასავლეთის ზეწოლით უნდა მოგვარდეს. ამ დროს კი, საფრანგეთის მაგალითზე დავინახეთ, რომ ევროპას რუსეთის პარტნიორულ ურთიერთობებში შეთრევა სურს და არანაირ ზეწოლას არ აპირებს. დასავლეთმა უკევ მოახდინა დეკლარირება, რომ საქართველოსთან მიმართებაში კრემლის პოლიტიკას არ ეთანხმება. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების გეგმა უკეთეს შემთხვევაში არაეფექტურია~, - აღნიშნა საყვარელიძემ.
მისივე შეფასებით, აუცილებელია მოინახოს ალტერნატიული გეგმა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს საშუალებას მისცემს რუსეთის პრეტენზიები და პირობები გაიგოს, რაც ურთიერთობის დარეგულირებას და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.
~სწორედ ეს გეგმა იკითხება, როგორც ზურაბ ნოღაიდელის, ასევე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამართულ შეხვედრებში. ბურჯანაძესთან პოლიტიკური მხარე კიდევ უფრო ხაზგასმულია, რადგანაც ის რუსეთიდან დასავლეთში წაღებული ~ბარგით~ თემის დამუშავებას უკვე დასავლელ პოლიტიკოსებთან გააგრძელებს~ - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
საყვარელიძის შეფასებით, ოპოზიციის მოსკოვში ვოიაჟები ღალატად არ უნდა შეფასდეს, რადგანაც ~ძნელია ნინო ბურჯანაძის რუსეთის ჯარის ჯარისკაცად წარმოდგენა, თუ მის მაღლა თანამდებობაზე ყოფნის დროს კრემლთან მწვავე დისკუსიებს გავიხსენებთ~.