"კოალიციაში დღეს ისეთი ადამიანებიც არიან, რომელთაც რომ არა ივანიშვილი, შეიძლება გამარჯობაც არ ეთქვათ ერთმანეთისთვის,"- ამის შესახებ ექსპერტმა კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ერთი-ორი წევრი სიტუაციის "აყირავებას" ცდილობს.
"კოალიციაში დღეს რეალურად ისეთი ადამიანებიც არიან, რომელთაც შეიძლება ერთმანეთისთვის გამარჯობა არ ეთქვათ ბიძინა ივანიშვილი რომ არ ჰყავდეთ ლიდერად. ყველა დაიწყებს აბსოლუტურად საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების წამოწევას. ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმებზე იდგნენ და საქართველოს განვითარების სხვადასხვა გზებს ხედავდნენ. ამავდროულად არიან კოალიციაში ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა ერთმანეთის გვერდით არ დამჯდარიყვნენ. ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ამ ადამიანებს შორის პრობლემები ბუნებრივია, იქნება. კონკრეტულად ერთი და ორი ადამიანი არ მგონია, ყველას ექნება საკუთარი ინტერესი. ახალი მთავრობის დაკომპლექტების დროს ყველას ექნება ინტერესი, რომ მეტი მინისტრის და მინისტრის მოადგილის პორტფელი მიიღოს. მაშინ, როდესაც არ იქნება ის ადამიანი, რომელიც მოდერაციას ახდენს, სიტუაცია გარკვეულწილად დაიძაბება. ბიძინას პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კოალიციაში გარკვეულწილად ურთიერთობები სხვაგვარი იქნება. ფაქტობრივად ვიცით, რომ მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების მოდერატორი არის ბიძინა ივანიშვილი და მისგან არის საბოლოო სიტყვა და როდესაც ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და ასეთი ტიპის პრობლემები წარმოიშობა კოალიციის წევრებს შორის, რა თქმა უნდა ცოტა რთული იქნება გადაწყვეტილებების მიღება. სხვათა შორის ეს დავით უსუფაშვლმაც დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიციაში კონსულტაციები სხვაგვარად წარიმართება, ვინაიდან გადაწყვეტილების საბოლოოდ მიმღები არ იქნება. ბუნებრივია, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას ექნება საკუთარი ინტერესები და დაიწყება ვიწროპარტიული ინტერესებიდან დაიწყება ბერკეტების ხელში ჩაგდებაზე ბრძოლა. ეს საბოლოოდ რაღაც პრობლემებს წარმოქმნის. ეს შეიძლება ბიძინა ივანიშვილის წასვლიდან 10 და 20 დღეში არ მოხდეს, მაგრამ ეს პრობლემა დადგება აუცილებლად,"- განაცხადა კახა კახიშვილმა.
რაც შეეხება ივანიშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, მომავალ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება და დღეს მოქმედი თითქმის ყველა მინისტრი მომავალ მთავრობაშიც თანამდებობებზე დარჩება, კახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დიპლომატიური განცხადებაა, რადგან პრემიერ-მინისტრი მოულოდნელი "სიურპრიზებისგან" იზღვევს თავს.
"ბუნებრივია, როდესაც მინისტრებს ახლა ეტყვი, რომ მომავალ მთავრობაში თქვენ არ იქნებით მინისტრებიო, რა სიურპრიზს მოგიმზადებენ ეს არავინ არ იცის. აქედან გამომდინარე, ძალიან დიპლომატიურად საუბრობს პრემიერი და აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იქნას მისი დროზე ადრე გაკეთებული განცხადებებით. მე მოლოდინი მაქვს, რომ ის მინისტრები, რომლებიც მაინც და მაინც ეფექტურები არ არიან, შეიცვლებიან და თუ არ შეიცვლებიან, მხოლოდ და მხოლოდ დაძაბავს მოსახლეობას,"- აღნიშნა კახიშვილმა.