საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებული იმ განცხადების საფუძვლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, "საპარლამენტო უმრავლესობაში ერთი-ორი წევრი სიტუაციის აყირავებას ცდილობს"
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ასეთი განწყობილებები უმრავლესობაში არ შემინიშნავს. ვინმე რომ აპირებდეს სიტუაციის აყირავებას, ასეთი განწყობა ნამდვილად არ შემინიშნავს. მაგრამ ბატონ ბიძინას ვინ რას ეუბნება და ვინ რა ინფორმაციას აწვდის, ამის მიხედვით აქვს ალბათ ვიღაცეებზე ეჭვი. პირდაპირ ვამბობ, რომ ასეთი განწყობა უმრავლესობაში და მით უფრო ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" ნამდვილად არ არის. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დეპუტატების გარკვეულ ნაწილში არის იმის განცდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მათი ჩართულობა მინიმალურია და ამ კუთხით უკმაყოფილება არის, რადგან მოითხოვენ, რომ ეს უფრო მეტი იყოს,"- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრს ეთანხმება იმაში, რომ თუ ვინმე მართლაც ცდილობს სიტუაციის აყირავებას, მისთვისვე იქნება ცუდი.
"თუ ვინმე ჩუმად იკრიბება და რაღაც გეგმა "ბარბაროსას" ამზადებს, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს ვეთანხმები, რომ მხოლოდ თვითონ დაზარალდებიან,"- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არის ერთი-ორი წევრი, რომლებიც სიტუაციის "აყირავებას" შეეცდებიან, თუმცა არაფერი გამოუვათ და თვითონ "აყირავდებიან".
"არის იქ ერთი-ორი კაცი, რომელიც გადახტება, გადმოხტება და რაღაცეების არევას შეეცდება. ასეთ ქმედებებს მე ვამჩნევ და ჰგონიათ, რომ ამით მოახდენენ რაღაც ზემოქმედებას და სიტუაციას ააყირავებენ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ საკუთარ თავს ააყირავებენ მხოლოდ, ვერაფერსაც ვერ მოახერხებენ და ვერავინაც ვერ შეძლებს სიტუაციის არევას და აყირავებას. ყველაფერი გაგრძელდება ლოგიკურად. არავითარი ქაოსი, დარბევა და აყირავება არ მოხდება. გარანტიას ვიძლევი, რომ ფარული, ჩუმი ქაოსი არ იქნება,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.