თამბაქოს მწარმოებლებს, როგორც ნედლეულის, ასევე ნაწარმის იმპორტირებისთვის 2015 წლის 1 იანვრამდე ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. ამის შესახებ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. თამბაქოს ნედლეულის და ნაწარმის იმპორტის გათავისუფლება გადასახადისგან პარლამენტის წევრის, ზურაბ ტყემალაძის ინიციატივაა, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროდუქციაზე 12%-იანი სატარიფო განაკვეთის მოქმედება არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებს იმპორტიორებს. საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება დეპუტატმა DG Trade-ის, ჰოლდინგ BULGARTABAC-ისა და ევროკომისიის თხოვნით მოამზადა. დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში" შესატანი ცვლილება, რომელიც კოდექსს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
მასალის გამოყენების პირობები