საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ზამთრის კურორტებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ფართომასშტაბიან სარეკლამო კამპანიას ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ ლიტვასა და ლატვიაში ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში 2 ოქტომბერს, ქალაქ რიგაში და 3 ოქტომბერს ქალაქ ვილნიუსში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ ტურისტულ რესურსზე და ახალ მიმართულებებზე ესაუბრება. ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ღონისძიებას ქართველი ტუროპერატორები და სასტუმრო ბიზნესის წარომადგენლებიც დაესწრებიან, მათ შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი საქმიანი შეხვედრები პრიბალტიკელ კოლეგებთან გამართონ და სამომავლო ურთიერთობები დაამყარონ.
ლიტვასა და ლატვიაში დაგეგმილი კამპანია მოიცავს ონლაინ და გარე რეკლამებს, მისი მიზანია პოპულარიზაცია გაეწიოს კონკრეტულ ტურისტულ პროდუქტებს, კერძოდ სამთო-სათხილამურო და ღვინის ტურიზმს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ტურისტული შეთავაზებებისა და საკურორტო რეგიონების ცნობადობის ამაღლებას ბალტიისპირეთის ტურისტულ ბაზარზე. შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება აღნიშნული ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი.
ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოსთვის ერთ-ერთ პირველად მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. 2013 წლის 8 თვის მონაცემებით, ლიტვიდან 3762, ლატვიდან 4090 ვიზიტორი ჩამოვიდა, სულ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან 10 096 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4 %-ით აღემატება.