საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვლის განცხადებით, მას არ ახსენდება ისეთი თემა, რომელიც იყო მისი კომპეტენციის სფეროში შემავალი და მასზე გადაწყვეტილება მისმა პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა მიიღო.
როგორც კბილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, კანონით განსაზღვრულია კონკრეტული რანგის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მთავარ პროკურორს შეუძლია და მისი მოღვაწეობის პერიოდში ამ ნორმის დარღვევა და მის მიერ მისაღები გადაწყვეტილების ლაშა ნაცვლიშვილის მიერ მიღების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
"პრემიერი ყოვლთვის რეალობას ამბობს და როდესაც რეალობა არის წარმოჩენილი, ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული ისე, როგორც არის. კარგად მოგეხსენებათ, რომ ლაშა არის პირველი მოადგილე, ის უძღვება საგამოძიებო მიმართულებას, მისი კურატორია და ამიტომ, ბუნებრივია, მას გააჩნია დიდი დატვირთვა პროკურატურის ხაზით წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით წარმართოს საქმეები. ასე რომ, ეს ბუნებრივია და ამდენად, აქ უჩვეულო არაფერია. მე ასე აღვიქვი და გავიგე პრემიერის სიტყვები. კანონში არის შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. ასეთი ტიპის შემთხვევებია მაღალი თანამდებობების პირთა მიმართ დევნის დაწყება თუ სხვა. მაგალითად, საპროცესო შეთანხმების დადება ისეთი ტიპის, როგორიც იყო ბედუკაძესთან დაკავშირებით. ყველა სხვა დანარჩენი საკითხი ჩვეულებრივი მიმდინარე გამოძიების თემაა, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია პირველ მოადგილეს. ამდენად, მე არ მახსენდება ისეთი თემა, რომელიც იყო ჩემი კომპეტენციის და გადაწყვიტა ლაშა ნაცვლიშვილმა. ამდენად იგი იმ ფორმის ფარგლებში ჯდება, რასაც კანონი ითვალისწინებს.,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში რიგ საკითხებზე არჩილ კბილაშვილის ნაცვლად გადაწყვეტლებებს მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი იღებს.