არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მის მიერ დაგეგმილი მასშტაბური აქცია, რომელიც 27 სექტემბერს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უნდა ჩატარებულიყო, არ გაიმართა, რადგან საპროტესტო მანიფესტაციის ორგანიზატორები მათ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასებას ელოდებიან, რომელიც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნის 9-წლიან პერიოდს მოიცავს.
როგორც კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე აღნიშნული საპროტესტო აქციის ჩატარების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია და როდესაც არჩევნების შედეგ პარლამენტი მუშაობას გაანხლებს და "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მოღვაწეობის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამის დასკვნას დადებს, აქციის ორგანიზატორები საპროტესტო გამოსვლების აუცილებლობის საკითხს მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ.
"ჩვენ ველოდებით პარლამენტის შესაბამის დასკვნას ამ ყველაფერზე და თუ მათი დასკვნა მხოლოდ ქაღალდის სახით იქნა და არავითარი რეაგირება ამას არ მოჰყვა, შემდეგ უკვე აქციებს გავმართავთ და მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. თუმცა ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ იქნება. რაც შეეხება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებას იმის შესახებ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში კოჰაბიტაცია დასრულდება და სამართლიანობის აღდგენა დაჩქარებული ტემპით დაიწყება, არ მჯერა, რადგან 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წინასაარჩევნო მთავარი დაპირება სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო და დღეს ვხედავთ, რომ ეს დაპირება ტყუილი აღმოჩნდა,"- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
"ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე - რატომ დგას დღის წესრიგში სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ გასული 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დონეზე და რატომ არ უნდა იქნეს გამოძიებული 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულები, კაკაბაძემ უპასუხა, რომ აღნიშნული დანაშაულები წინა ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა, თუმცა რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წარმომადგენელი მისი უშაუალო მონაწილე იყო, ეს ყველაფერი გამოუძიებელი დარჩა და წლების განმავლობაში კვალიც წაიშალა, ამიტომ ამ ეტაპზე აღნიშნული პერიოდის სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია.
"ვინ შეუშალათ ხელი?! თვითონ არ იყვნენ ხელისუფლებაში?! თვითონ იყვნენ 90-იან წლებშიც მთავრობაში. ჩემი მოღვაწეობის დროიდან როგორ უნდა დაიწყონ შეფასება?! ჩემი მოღვაწეობა იწყება 70-იანი წლების ბოლოდან. 90-იან წლებში მე ვიცავდი ადამიანის უფლებებს. რატომ არ შეაფასეს 90-იანი წლები?! თვითონ არ იყვნენ ხელისუფლებაში?! რატომ არ შეაფასეს?! შევარდნაძე მაგათი გადაყენებული არ იყო?! რატომ არ შეაფასეს?! იმიტომ, რომ ისიც მათი მთლიანი გუნდის წევრი იყო და ის უბედურება, რაც ქვეყანაში მთლიანად მიმდინარეობდა, მათი მონაწილეობის გარეშე არ ხდებოდა. ყოფილი ხელისუფლების საქმიანობა უნდა შეფასებულიყო თავის დროზე, ამას რა თქმა უნდა თავისი დრო აქვს. იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იშლება კვალი. ამიტომ, დანაშაული როდესაც ხდება, რეაგირება უნდა მოხდეს მყისიერად. დანაშაული ამ ხელისუფლების, რასაც ჩვენ ვიძახით, 9 წლიანი დანაშაულებრივი პერიოდი დამთავრდა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ამიტომ ეს ცხელია და უნდა შეფასდეს. მათ ეს უნდა შეეფასებინათ იმ პერიოდში, რა პერიოდშიც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში. როგორ უნდა მოხდეს იმის გამოძიება?! ჩვენთვის მაგალითად, მტკიცებუყლება 90-იანი წლებისა რაც მოხდა, ჩვენს ხელთ არსებული მასალებით არ არის, თუ სხვას აქვს ეს მასალები, უნდა წარადგინოს. ჩვენ რაც წარვადგინეთ პარლამენტში, იქ არის მასალები გასული 9 წლიანი პერიოდის და თუ ვინმეს აქვს მასალები 90-იან წლებთან დაკავშირებით, წარადგინოს და მოითხოვოს. კიდევ ვიმეორებ, ეს უნდა გაეკეთებინა მიშა სააკაშვილის ხელისუფლებას. თუმცა ამ შემთხვევაში, დანაშაულების 80% ჩადენილი იქნება სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ, რომლებიც მაშინაც იყვნენ ხელისუფლებაში,"- დასძინა კაკაბაძემ.