მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, მას აინტერესებს მისი ბიზნესის გარშემო განვითარებული მოვლენები მხოლოდ რამდენიმე ჩინოვნიკის პირადი განწყობითაა გამოწვეული თუ ქვეყნის ახალ ხელისუფლებას ზოგადად ასეთი მიდგომა აქვს ბიზნესთან მიმართებაში.
როგორც ჩოჩელმა დღეს ექსპერტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მის და მისი ოაჯის წევრების საკუთრებაში არსებული ყველა კომპანია დაყადაღებულია, მათ შორის ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი "ბერტას" ქარხანაც, რომელიც 3 დღის წინ გასხვისდა და სხვა მეპატრონის საკუთრებაშია.
ჩოჩელის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, დაყადაღებულია კომპანია "ზედაზენი", "მიქსორი" და რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა.
"მორწმუნე კაცი ვარ და მკითხავთან ვერ წავალ, მაგრამ ფაქტია, რომ მიზანმიმარტული ბრზოლა მიმდინარეობს ბიზნესთან. თავიდან ეს პროცესი ხუხაშვილმა დაიწყო, მაგრამ ახლა მისი გამგრძელებლები პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არიან, რომლებიც ამ ბიზნესებზე შეტევას ახორციელებენ,"- განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა და დასძინა, რომ დადგება დრო და მისი ბიზნესსაქმიანობის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, კონკრეტული პირები პასუხს აგებენ.
"1991 წლიდან მოყოლებული არანაირი ხელისუფლების დროს არავისთან გარიგებაში არ შევსულვარ. რაც შეეხება ამ საქმის ხელოვნურად შეზულობის საკითხს, წელს იქნება ეს, მომავალ წელს თუ რამდენიმე წლის შემდეგ, ამის ავტორები აუცილებლად დაისჯებიან და ყველა ქმედებისთვს სათანადო პასუხს აგებენ. ეს არაფერია თუ არა მიზანმიმართული ქმედება, რომ გაკოტრდეს 4 წარმატებული კომპანია. ხუხაშვილთან ყოველდღიურად მიდიოდნენ ბიზნესმენები და აბარებდნენ აღსარებებს. ტელევიზიით მომიწოდებდა ხუხაშვილი და მემუქრებოდა, ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს, შემდეგ მას მხარი აუბა გუნცაძემ და დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით მებრძვიან,"- აღნიშნა ჩოჩელმა.
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ექსპერტებს შეხვდა და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ხარვეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ჩოჩელმა რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის შეძენის დოკუმენტაცია და შეძენამდე მისი ვიზუალური მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა. ჩოჩელის მტკიცებით, აღნიშნული ქარხნის შეძენისას არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და მას არც რომელიმე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურა მფარველობდა. ცეზარ ჩოჩელმა ექსპერტების კითხვებსაც უპასუხა.