"ძალიან შემაშფოთებელია ასეთი ფორმით და შინაარსით პრემიერ-მინისტრის მხრიდან ურთიერთობა ექსპერტებთან, რომლებიც, თვითონაც არ მალავდნენ, რომ მისი მხარდამჭერბი იყვნენ,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ექსპერტებთან დღეს გამართული შეხვედრის კომენტირებისას ისაუბრა.
ბარამიძის თქმით, "შემაშფოთებელია პრემიერ-მინისტრის მიერ ექპერტებისთვის მითითებების მიცემა და კერძოდ ფრაზის "მეტი ფილტრი თქვენს გამონთქვამებს" გაჟღერება, რადგან ეს მიმართვა ქურდული სამყაროს წევრების საუბრებისთვისაა დამახასიათებელი".
ამასთან, ბარამიძე მიიჩნევს, რომ "შემაშფოთებელია თვალის არგასწორება იმ რეალობასთან, რომელთანაც დღეს ქვეყანას აქვს საქმე".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ექსპერტებს შორის დღეს გამართული შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ექსპერტებსა და ივანიშვილს შორის რიგ საკითხებზე შეკამათებაც მოხდა. პრემიერმა ექსპერტებს მთავრობის მუშაობისადმი მუდმივად კრიტიკული მიდგომები დაუწუნა და მათ მიერ სხვადასხვა მედიასასუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში გაჟღერებული მკვეთრი განცხადებების გამო, განმარტებები მოსთხოვა.