"სამუდამოდ უნდა შეჩერდეს საქართველოს დახლეჩის პროცესი და მე ვარ გარანტი, რომ ეს პროცესი შეჩერდება და დაიწყება გაერთიანება,"- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
ნათელაშვილის თქმით, "იგი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანში ჩავიდა და რუს სამხედროებს მავთულხლართების გავლების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა, ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი კი, ოთახდან არ გამოსულან".
"ჩემს მეტი იქ არც ერთი პოლიტიკოსი არ გამოჩენილა და ირველ რიგში, ეს ეხება პრემიერს და პრეზიდენტს. გადავედი ღობის იქით და გასაგებად ვუთხარი, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს. მათ მომისმინეს, და იმედია თავის ხელმძღვანელობას ამას რეალურად გადასცემენ. დიცში ჩემი ჩასვლით არ ვამბობ, რომ რუსები შევაშინე, ასეთი რამე კაცობრიობამ ვერ შეძლო, მაგრამ შეწყდა ეს სამუშაოები. როგორც ჩანს, მოერიდნენ ზედმეტ ხმაურს და პიარ-პროპაგანდას გაეროს გენერალური ასამბლეის წინ. დვანშიც ვიყავი, მაგრამ ასეთი დროებითი შეჩერება არ მოიყვანს გაზაფხულს. ვერც ერთი ვერ ჩამოვიყვანე, ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერი. ფეხს არ ადგამენ გარეთ. 27 ოქტომბერს თუ შევძელით გაერთიანება, ვერანაირი ძალა წინ ვერ დაგვიდგება,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ "ვაშინგტონში მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე - "დაუნ ვი დიქტეიტე", ხალხი იცინის, მაგრამ ეს არ იყო სასაცილო".