"საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან თვითნებურად საოკუპაციო ზოლების გავლებას,"- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დიცში ბოლო დღეებში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული ქმედებების და მავთულხლართების გაბმის პროცესის განახლების საკითხის კომენტირებისას ისაუბრა.
"საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებს რუსეთის მხრიდან და მისი სამხედროების მხრიდან ასეთ თვითნებურად საოკუპაციო ზოლების გავლებას. 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ნორმების, საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ პროვოკაციებში საქართველო არ უნდა იქნას ჩაბნმული,"- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმაც გააკეთა და განმარტა, რომ დიცში განვითარებული მოვლენების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსშია და საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება.
"ამ დროისთვის პროცესები გახლავთ შეჩერებული, მაგრამ ეს არანაირად არ აკნინებს ამ პრობლემას. პრინციპში, საკმაოდ არაპროგნოზირებადია. საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად მაქსიმალური სიმწვავით იქნეს დაყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ცხადია, რომ ჩვენ ამ თემას აუცილებლად და ძალიან დეტალურად დავუბრუნდებით ჟენევაში,"- აღნიშნა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცთან მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლეს. აღნიშნულის გამო, სოფლის მოსახლეობა სასაფლაოს, სარწყავი წყლის და საძოვრების გარეშეა დარჩენილი