საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულმა იანვარი-ივლისის კვლევამ აჩვენა, რომ ვიზიტორების უდიდესი ნაწილის (40%) მთავარ მიზანს გართობა, დასვენება და რეკრეაცია წარმოადგენს. მას მოსდევს მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად ჩამოსული (24%) და ტრანზიტით შემოსული (17%) ვიზიტორები.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას განმარტებით, ვიზიტორების უმრავლესობა, ანუ 40%-ი მარტო მოგზაურობს.
„ვიზიტორების 26%-ი ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობს, ხოლო მოგზაურობისას 42%-ი იყენებს ავტომობილს, 41%-ი კი ავტობუსს. ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი ვიზიტორებს შორის თბილისია, მას ვიზიტორების 46% სტუმრობს, მას მოსდევს ბათუმი 42% და ყაზბეგი 8%. ყველაზე პოპულარული განთავსების საშუალების ტიპი სასტუმროა, მასში ვიზიტორების 47% ჩერდება"- აცხადებს სიგუა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტორების მიერ შვიდი თვის განმავლობაში გაწეულმა ხარჯმა 1 703 673 938 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტორზე 613 ლარია.