საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება შემოწმდა და მონიტორინგის შედეგად, აკრძალულ ნივთთა ნუსხაში ჩამოთვლილი სხვადასხვა ნივთები იქნა ამოღებული.
მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ამოღებული ხელნაკეთი დანები, ციხეში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები, მობილური ტელეფონები, კუსტარულად დამზადებული ტატუს აპარატები, ხელნაკეთი მადუღარები, არყის გამოსახდელი აპარატი და სხვა ნივთები წარმოადგინა.
ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, საპატიმროებიდან ჩამოთვლილი ნივთების ამოღების პროცესში, მსჯავრდებულებმა მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებს გარკვეული ტიპის წინააღმდეგობაც გაუწიეს, რის გამოც მათ მიმართ შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გატარდა.
"სასჯელაღსრულების სიტემაში უკვე დიდი ხანია დაწყებულია სპეციალური პრევენციული ღონისძიებები. მარტო ამ 2 თვის განმავლობაში 30-მდე ძალიან მასშტაბური სარეჟიმო პრევენციული ღონისძიება მოეწყო. იგულისხმება მასშტაბური ჩხრეკები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რომელთა დროსაც ასეულობით კანონსაწინააღმდეგო ნივთი იქნა ამოღებული და ამ საქმეებზე დაწყებულია გამოძიება. ამ ჩხრეკების დროს წინააღმდეგობის გაწევის ცალკეული მცდელობებიც იყო, რომლებიც მაშინვე იქნა აღკვეთილი და აღძრულია საქმეები,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.