მოსკოვში უშედეგოდ დასრულდა რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სირიის საკითხთან დაკავშირებით. მათი შეფასება ახლახანს გაეროს მიერ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოხსენების შესახებ ერთმანეთს არ დაემთხვა.
შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა სირიის ქიმიური იარაღის არსენალის განადგურებისკენ ისწრაფვის, მაგრამ მათი შეხედულებები ამ მიზნის მისაღწევად ერთმანეთისგან განსხვავდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა გაეროს ინსპექტორენბს წარმოადგინონ საბოლოო დასკვნა ახალი შემთხვევების შესწავლის გათვალისწინებით და არც ის გამორიცხონ, რომ ეს შეტევა პროვოცირებული იყო.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა კი განაცხადა, რომ გაეროს ექსპერტების მიერ უკვე წარმოდგენილი ანგარიში არ ტოვებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას ეკისრება.
„ეჭვიც არ დარჩა იმისა, რომ ქიმიური იერიში უკნა ასადის რეჟიმი დგას", _ განუცხადა ფრანგმა მინისტრმა რუს ჟურნალისტებს.