მიკრობლოგების სერვისი „ტვიტერი" და სოციალური ქსელი „ფეისბუქი" ირანელი მომხმარებლისთვის კვლავ მიუწვდომელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს. როგორც „ნიუ-იორკ თაიმსის" და „ვაშინგტონ პოსტის" კორესპოდენტები თეირანიდან იუწყებიან, მათ აღარ შეუძლიათ მოინახულონ საკუთარი გვერდები.
„ტვიტერი" და „ფეისბუქი" ირანში 2009 წლის ზაფხულშიც დაიბლოკა, როდესაც ქვეყანაში, მაჰმუდ აჰმადინეჯადის გადადგომის მოთხოვნით, დემონსტრაციები იმართებოდა. ხელისუფლებას შეეშინდა, რომ ორგანიზატორები, სოციალური ქსელების მეშვეობით, ხალხის დიდ რაოდენობას გამოიყვანდნენ ქუჩაში.
ირანის ახალი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის არჩევისთანავე განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა ქვეყნის მართვის მკაცრ პრინციპებზე უარს იტყოდა. თავად პირველმა პირმაც პირობა დადო რომ მსოფლიოში პოპულარულ სოციალურ ქსელებს ირანში არაფერი ემუქრებოდა, მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი კი „ფეისბუქზე" და „ტვიტერზეც" დარეგისტრირდა. ამჯერად, ამ ორი საიტის დაბლოკვის მიზეზის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები