ბაშარ ასადის რეჟიმთან მებრძოლთა რაოდენობა სირიაში დაახლოებით 100 ათას ადამიანს შეადგენს და დაახლოებით მათი ნახევარი რადიკალური ისლამის მიმდევარია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „The Telegraph" -ი „IHS Jane's", -ის კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ამბოხებულთა დაახლოებით 10 ათასი წევრი ჯიჰადისტების უკიდურესად რადიკალური დაჯგუფებების წევრები არიან. ამ ორგანიზაციებს კი თავის მხრივ „ალ ქაიდასთან" აქვთ კავშირის.
ამას გარდა, ასადის წინააღმდეგ მებრძოლი დაახლოებით 30-35 ათასი მეომარი ასევე იზიარებს ისლამისტური ფუნდამენტალიზმის იდეებს, თუმცა უფრო მობილიზებულნი არიან ამ იდეების გავრცელებაზე უშუალოდ სირიის შიგნით, ვიდრე საერთაშორისო არენაზე.
კიდევ დაახლოებით 30 ათასი ასადის მოწინააღმდეგე ზომიერებით გამორჩეული ისლამისური ორგანიზაციების წევრები არიან და ამბოხებულთა მხოლოდ უმცირესი ნაწილი - 25-30 ათასი მებრძოლი არის სამოქალაქო ოპოზიციის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ სირიაში საბრძოლო მოქმედებები უკვე ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. გაეროს მონაცემებით უკვე დაღუპულია 100 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 2 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები