ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის რანკო კრივოკაპიჩის განცხადებით, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდნეიმე დღით ადრე საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან 50-მდე დეპუტატი ჩამოვა.
როგორც კრივოკაპიჩმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და მისი გამჭვირვალედ ჩატარება ქვეყნის დემოკრატიულობის გამყარების კუთხით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რანკო კრივოკაპიჩმა საქართველოში ოფიციალური შეხვედრები დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრით დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებთან შეხვედრები სადაც საუბრის ძირითადი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცესები იქნება. ეუთოს-საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებსაც შეხვდება. კრივოკაპიჩის შეხვედრა "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძესთან სავარაუდოდ, დღეს 18:30 საათზე გაიმართება.