,,ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელ შეზღუდვებზე აპელირებას თუ არ მოვახდენთ, იქნებ სხვა შედეგი მივიღოთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, მინისტრმა მსგავს თემებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავოს.
,, დაველოდოთ 19 სექტემბერს და მერე ვილაპარაკოთ ამაზე. წინასწარ ლაპარაკით ამ საქმეს ვერ ვუშველით, მაგრამ, იმედია, თუ ჩვენი მხრიდან ამ თემაზე აპელირება არ მოხდება ასე საჯაროდ, იქნებ სხვა შედეგი მივიღოთ. მგონია, უმჯობესია, მინისტრმა ამ თემაზე საჯარო განცხადებები ნაკლებად აკეთოს, რადგან მას სხვა რესურსი გააჩნია ამ პროცესებზე ზემოქმედების", _განაცხადა ჟურნალისტებთან ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოსი სეპარატისტები ცხინვალის რეგიონში „მეზობელი საქართველოდან" ავტოსატრანსპორტო საშუალებებს 19 სექტემბრიდან აღარ შეუშვებენ. აღნიშნული დადგენილება სეპარატისტთა მთავრობამ უკვე მიიღო.
სეპარატისტები იუწყებიან, რომ მითითებული პერიოდის შემდეგ შესაბამისად შეწყდება ავტომობილებით საქონლისა და ტვირთების შეტანა.
„ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო საზღვრის გადალახვის სურვილი ექნებათ საზღვრის ფეხით გადავლა მოუწევთ.
სასაზღვრო პუნქტების გავლით ნებადართული იქნება მხოლოდ იმ ნივთების გადატანა, რომლებიც პირადი მოხმარების საგნებს განეკუთვნება", _ იუწყებიან სეპარატისტები.
მათივე ინფორმაციით, „ჯერჯერობით საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი არსებობს, იმისათვის რათა ადამიანები მიეჩვიონ ცნებას „სახელმწიფო საზღვარი". იქნება ორი ე.წ. სასაზღვრო პუნქტი. ერთი სოფელ რიკში ხოლო მეორე სოფელ ერგნეთში.