"დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკიდან ჩემი წასვლის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აღარ ექნება"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლატვიურ ინტერნეტგამოცემა "ტელეგრაფისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ამასთან, ივანიშვილი მოახლოებულ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს მოსახლეობის მხოლოდ 10%-ის მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებს.
ივანიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" აღარასოდეს იქნება პოპულარული, რადგან მოსახლეობას იმედი გაუცრუა და აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ვერც საკანონმდებლო ორგანოებში შესვლას მოახერხებენ".
ლატვიური ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ "საქართველოს სოციუმის პრობლემა აქვს და ხალხმა არჩეული პოლიტიკური ძალის კონტროლი არ იცის", ამიტომ იგი სწორედ ამ კუთხით აპირებს საქმიანობის გაგრძელებას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.
"20 წელია, ქვეყანა ვერ გამოდის მოჯადოებული წრიდან. მე საზოგადოებას დავეხმარები სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, გააკეთოს ანალიზი, გამოიყენოს გონება და არა - ემოცია. საზოგადოებასთან ერთად გამოვიმუშავებთ მექანიზმებს, როგორ შევაფასოთ ვითარება სწორად,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აღნიშნულ ინტერვიუში ივანიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მოღვაწე 3-ივე პრეზიდენტს აკტრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ისინი "ერთი-მეორეზე უარესები იყვნენ".
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ბიძინა ივანიშვილის პროგნოზით, მათზე კონტროლის დაბრუნება რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა სწორი დიპლომატიური ნაბიჯებით საქართველო მიზანს მიაღწევს.