თბილისის მერი გიგი უგულავა საკრებულოს მხრიდან ამხანაგობებისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე განმარტებას კიდევ ერთელ აკეთებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ მიიღო სრულიად უაზრო გადაწყვეტილება და საკრებულოს თავმჯდომარე ურცხვად აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან მოკლებული 10 მილიონი ლარი მთლიანად გადანაწილებულია ავარიული სახლების შეკეთებაზე, თავს ვალდებულად ვთვლი იმისათვის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, წარმოვადგინო ის დოკუმენტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ ოფიციალურად მომმართა და ითხოვს ამ 10 მილიონის სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილებას. მის წერილში ნათლად ჩანს, თუ როგორ არის აღნიშნული თანხა გადანაწილებული. ბიუჯეტში გაჩნდა სრულიად ახალი პროექტი „უსაფრთხო ქალაქი", გათვალისწინებული იქნა თანხები 2015 წლის ოლიმპიადისთვის. ყოველივე ამით კი დაფინანსება შეუწყდა საბინაო ამხანაგობებს, შესაბამისად ვეღარ განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და თბილისელების კეთილდღეობასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. წერილში მითითებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობა, ავარიული შენობების გამაგრება და სხვა ხარჯების დაფინანსება ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის შედეგად, ბიუჯეტის პროექტში ისედაც იყო გათვალისწინებული. საკრებულომ მიღებული გადაწყვეტილებით მავნებლობა ჩაიდინა ამხანაგოვბებისა და ზოგადად თბილისელების მიმართ. მე არ ვთვლი, რომ ქალაქის უსაფრთხოება და ოლიმპიადის სათანადოდ ჩატარება არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა მიმაჩნია, რომ კორპუსების კეთილმოწყობა, სახურავების გადახურვა, ლიფტების გარემონტება და კომუნიკაციების სრულყოფა უფრო მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის, ვიდრე კამერების დამონტაჟება და ოლიმპიადისთვის თანხების გამოყოფა.რაც შეეხება ბრალდებას, რომ 10 მილიონი ლარი მთლიანად წარმოადგენდა საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების თანხას, ეს იმდენად არაკომპეტენტური მოსაზრებაა, რომ როგორც ჩანს საკრებულოს დღევანდელ უმრავლესობას არითმეტიკასთან საქმე საკმაოდ მწყრალად აქვს.
", _ნათქვამია უგულავას განცხადებაში.