11 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის გენერალურმა მენეჯერმა თამრიკო ლორთქიფანიძემ და ფესტივალის გენერალური სპონსორის „კავკასუს ონლაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კაპანაძემ „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2013-ის" შესახებ ისაუბრეს.
თელავი ტრადიციულად მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმაპინძლებს, რომელიც 12 ოქტომბერს, 19:00 საათზე - თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება, გენერალური სპონსორი გახლავთ კომპანია „კავკასუს ონლაინი". ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
2013 წლის ფესტივალი მოიცავს 6 კონცერტს, რომლის უმეტესობა საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით გაიმართება. იგი დაკომპლექტდა საგანგებოდ ფესტივალისთვის და მასში უკრავენ მაღალპროფესიონალი მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან. ორკესტრს წარუძღვება დირიჟორი არიელ ცუკერმანი.
2013 წლის ფესტივალი სოლისტების შემდეგი შემადგენლობით წარსდგება მსმენელის წინაშე: ელისო ვირსალაძე, კოლა (ლუკას ნიკოლაი) ბლაჰერი, ინგოლფ ტურბანი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, ბენჟამინ გილმორი, მიხეილ ქართველიშვილი, ნოდარ ჟვანია, ჩულ გინ პაკი, გიორგი ქობულაშვილი, ჯააკო ლუომა, თამაზ ბათიაშვილი, პჟემისელ ვოიტა, მიხეილ ქართველიშვილი. ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი" და სიმებიანი კვარტეტი „იბერი".
წლევანდელ პროგრამაშია საოპერო მუსიკის კონცერტიც, 13 ოქტომბერს თელავში სოლისტები მზია ნიორაძე და ტიფანი ობანი წარდგებიან მსმენელის წინაშე.
კონცერტები, ტრადიციულად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბელგიელი ფოტოხელოვანის დერეკ პრაჟერის ფოტოგამოფენა.
ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს. ელისო ვირსალაძის მიერ 80-ან წლებში დაარსებულ ფესტივალს (სახელწოდებით "ქება ვაზისა") ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია და მასტერკლასები), არც მონაწილეთა შემადგენლობით და არც ასეთი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებით ქვეყნის რეგიონში. შემდგომ, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალი აღარ ჩატარებულა.
2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ელისო ვირსალაძის ინიციატივით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში განახლებული სახით (ასევე, სახელწოდებით) აღდგა. სპეციალურად ფესტივალისთვის სახელმწიფომ შეიძინა "Steinway & Sons"-ის საუკეთესო ორი საკონცერტო როიალი. წელს კლასიკური მუსიკის ფორუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გენერალური სპონსორია კომპანია "კავკასუს ონლაიანი", რომელიც ინტერნეტით ფესტივალის ონლაინ ჩვენებას უზრუნველყოფს ვებ გვერდზე www.co.ge.
ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ბილეთები იყიდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროებში.
გენერალური სპონსორი - „კავკასუს ონლაინი"
მხარდამჭერები:
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი "წინანდალი", სასტუმროთა ქსელი „ელ-ჯი", სასტუმროთა ქსელი „რჩეული", სასტუმრო „ძველი თელავი", „ვინივერია", კომპანია "JTC"
კომპანია "VT Georgia".
საინფორმაციო მხარდაჭერა:
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, გაზეთები „24 საათი" და „ ჯორჯია თუდეი", "Focus TV", "GHN", რადიო „მუზა" და რადიო ერთი, „არტარეა".