საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, იგი დამოუკიდებელი დეპუტატის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება უნდა აეკრძალოთ, მხარს არ უჭერს და იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდის საპარლამენტო წარმომადგენლობაც იგივე პოზიციაზე იქნება.
"თუ ჩვენ ოპოზიციური პარტიის წევრებს ან მხარდამჭერებს ავუკრძალეთ საჯარო სამსახური, თუ ისინი "გავყარეთ" საჯარო სამსახურიდან, მითხარით, რა განსხვავება იქნება ჩვენსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, რომელიც ასე მოქმედებდა?! მე ვფიქრობ, არავითარი. და ასე ჩვენ ნამდვილად არ მოვიქცევით, შესაბამისად, ვერც ასეთ ინიციატივას პირადად მე, ვერ დავუჭერ მხარს და იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების პოზიციაც ასეთი იქნება".
ცნობისთვის, "ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესდეთ და მათ საჯარო სამსახურებში მაღალი თანამდებობების დაკავება კანონით აეკრძალოთ.