"როდესაც ამბობენ, რომ ვერტმფრენები სააკაშვილს საკატაოდ უნდოდაო, ცრუობს მთავრობა,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივის კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფრანგული წარმოების ორი ვერტმფრენის გაყიდვა იგეგმება.
სააკაშვილის თქმით, აღნიშნულ საფრენ აპარატებს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და მისი გაყიდვა ან რუსული წარმოების საფრენი ტექნიკით ჩანაცვლება არ შეიძლება.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირი საქართველოს მთავრობის წევრების მიერ მის სარგებლობაში არსებული თვითმფრინავის ჩამორთმევის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავის დროზე რის გამოც ივანიშვილი მას აკრიტიკებდა, ამჟამად ყველა ოფიციალურ ვიზიტზე თავად ივანიშვილი სარგებლობს ამ პრივილეგიებით და ყველა ოფიციალურ ვიზიტზე პრეზიდენტისთვის ჩამორთმეული თვითმფრინავით მიემგზავრება.
"როცა ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს სანქციებით დაემუქრნენ თუ ისინი ამ ვერტმფრენებს საქართველოს მისცემდენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივეცით მას სამოქალაქო სახე. ახლა რომ აჩვენებენ - სამოქალაქო უნდოდა, თავისთვის უნდოდა, სასეირნოდ უნდოდა, საკატაოდ უნდოდა სააკაშვილსო, ცრუობს მთავრობა. ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები და სამოქალაქო სახე მხოლოდ იმის გამო მიეცა, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი. 2 ჩამოვიდა და კიდევ 2-ის ყიდვის საშუალება გვაქვს. ვადასტურებ, რომ პრეზიდენტი სარკოზი ამის ყიდვაში პირადად იყო ჩართული და პირადად საფრანგეთის მაშინდელი ტრანსპორტის მინისტრი და მე პირადად დავესწარი ამ ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს იყო საქართველოსთვის გარღვევა. როდესაც ეს მთავრობა მოვიდა, ივანიშვილმა დაიბარა ყველა და უთხრა, რომ აღარ გვინდა ფრანგული ვერტმფრენები და მოდი, რუსული გავარემონტოთო. მას აუხსნეს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთი ჩვენ არ გვაძლევს მარაგ ნაწილებს, ამიტომ ძალიან ძვირი დაჯდება. საქართველოს ახლა ვერტმფრენი ჰაერივით სჭირდება, ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა. მე ვიყავი მთაში და იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არ არის, რომელიც ავა და მაგალითად, სადმე გაჭედილ მოგზაურს გამოიყვანს ან გადაიყვანს თუნდაც ჯარის ნაწილს, ან გადაიყვანს პოლიციის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი და ამ ერთადერთ შანსსაც გვართმევენ. ბარემ მაშინ, კრემლს გადააწყვეტიონ ყველაფერი, რაღაზე გვქვია ჩვენ მაშინ საქართველოს მთავრობა?! გახსოვთ, ივანიშვილს და სხვებს რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი იმ თვითმფრინავებზე, რომლითაც მე დავფრინავდი?! თვითონ რომ ჩასკუპდა ახლა ამ თვითმფრინავში და დაფრინავს ყველა ოფიციალურ ვიზიტებზე, ეს როგორ აიხსნება?! თვითონ აღარ უხსნის დისკომფორტს თვითმფრინავის არსებობა, სალონი, მარკა, თუ როგორ არის ეს?! და ამ თვითმფრინავების ფონზე რომ იძლევა ამაყად ინტერვიუებს, ეს როგორ აიხსნება?! ამიტომ, ყველა ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. დაანებონ თავი იმას, რაც არის და გააკეთონ რამე ახალი. ყველაფერს, რაც შექმნილია, დაანებონ თავი,"- განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.