"გადარჩენილი და განვითარებული საქართველო ჩვენი მტრისთვის და შიდა მოღალატეებისთვის უმკაცრესი განაჩენი იქნება,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ქვეყნის ერთიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
სააკაშვილმა საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების დამსახურება და ღვაწლი გაიხსენა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების თავდადება იმის მანიშნებელია, რომ მათი მსგავსები ქვეყანაში მომავალშიც გაიზრდებიან".
"ზოგი იზრდება გმირად და ზოგი იზრდება იმად, ვისთვისაც სამშობლო არაფერს ნიშნავს, ზოგი იზრდება იმად, რომელსაც ჰგონია, რომ მძინარე ცხინვალი თურმე ჩვენ გავაღვიძეთ, არც რუსეთის შემოჭრა ყოფილა და ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ ჩვენს მიწაზე დავეცით, არსად წავსულვართ და უცხო ქვეყანა არ დაგვიპყრია. ყველას თავისი მიეზღვება. გადარჩენილი და განვითარებული საქართველო იქნება უმკაცრესი განაჩენი როგორც ჩვენი მტრისთვის, ასევე ჩვენი შიდა მოღალატეებისთვის, რომლებმაც სამწუხაროდ, ახლაც ბლომად წამოჰყვეს თავი. დაღუპული გმირები არიან ბევრად უფრო ღისეულნი, ვიდრე ბევრი ცოცხალი. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მომავალშიც გაიზრდებიან ზუსტად ასეთები, რომლებიც იფიქრებენ, რომ ცხოვრებას აზრი აქვს, სამშობლოსთვის სიკვდილს აზრი აქვს, რომლებიც იფიქრებენ, რომ სამშობლო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და ამისთვის ჩვენს მაგივრად არავინ იბრძოლებს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ, ასე გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, ასე გააკეთა 300-მა არაგველმა, ასე გააკეთეს შინდისის გმირებმა, ასე გააკეთა ზაზა დამენიამ, ასე გააკეთა გიორგი ანწუხელიძემ, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ საკუთარი ქვეყნისთვის, დროშისთვის და პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა. "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტისა და ქვეყნის ერთიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შორის გამართული შეხვეედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საბრძოლო მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს თამარ მეფის სახელობის ორდენები გადასცა.