აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკულ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ სირიაზე სამხედრო დარტყმა შესაძლოა გადაიდოს იმ შემთხვევაში თუ ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლს გადაეცემა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამავე დროს ობამამ რუსეთის წინადადებას, ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემის შესახებ სირიის კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში „პოტენციური გარღვევა" უწოდა.
ობამას თქმით, ამ შემთხვევაში შესაძლოა აშშ-მ გადადოს სირიაზე დარტყმა. ობამამ განაცხადა, რომ დარტყმა „აბსოლუტურად ზუსტად" გადაიდება იმ შემთხვევაში თუ ბაშარ ასადის მთავრობა ქიმიურ იარაღს საერთაშორისო საზოგადოების კონტროლის ქვეშ გადასცემს.
ამავე დროს ბარაკ ობამამ გამოთქვა ეჭვი იმისა, რომ სირიის მთავრობა მართლა წავიდეს ამ ნაბიჯზე.
ობამამ ასევე განცხადა, რომ შესაძლოა მან ვერ მიიღოს სირიაზე სამხედრო დარტყმის თანხმობა კონგრესში. კონგრესში ამ საკითხზე დებატებისათვის უკვე ემზადებიან.
აღსანიშნავია, რომ თავად სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ასევე ამერიკული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ არ არისებობს არავითარი დადასტურება იმისა, რომ მისმა მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სირიის პრეზიდენტი ასევე დაიმუქრა, რომ სირიის მოკავშირეები საპასუხო ზომებს მიმართავენ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი სირიაში სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს.