"ივანიშვილის ყველა წინასაარჩევნო დაპირება ტყუილი აღმოჩნდა და ის გაურბის პასუხისმგებლობას,"- ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა გოკა გაბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში წასვლის შესახებ დღეს გაკეთებული განცხადება.
"ბიძინა ივანიშვილს ყველაზე უკეთ ესმის, რომ მის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეუსრულებადია. ის საუბრობდა 250 ლარიან პენსიაზე, საყოველთაო დასაქმებაზე, ათასობით ახალ ქარხანაზე, საუბრობდა ოჯახების გაზრდილ შემოსავალზე და ყველა კარგად ხედავს, რომ სახეზეა ათიათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი, სრულიად გაჩერებული საქართველოს ეკონომიკა, გაჩერებული ბიზნესი, ყოველმხრივ უკუსვლა, არანაირი განახევრებული ტარიფები. ამიტომ, მისი ყველა დაპირება აღმოჩნდა ტყუილი და შესაბამისად, ის დგას ნაბიჯს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას,"- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას ღია წერილით მიმართა, სადაც იგი პოლიტიკიდან მის შესაძლო წასვლაზე და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ გაგრძელების სავარაუდო სურათზე საუბრობს.