,,მინარეთის საკითხს რამდენიმე დღით მეტი რომ დათმობოდა რელიგიური თვალსაზრისით ნაკლებად პრობლემური ხასიათი მიეცემოდა" , _განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ადიგენის რაიონში მომხდარი ფაქტის შეფასებისას.
მისივე განმარტებით დიდი სიფრთხილე, ყურადღება და სერიოზული ანალიზია საჭირო მსგავსი ტიპის მოვლენების დროს.
,,ყველა რელიგიური წარმომადგენელი, სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონები, რაც დასაცავია მშენებლობის დროს, დემონსტრაციის დროს, რწმენისა თუ აღმსარებლობის გამოხატვის დროს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მართლამდიდებლური ეკლესია, სხვა რელიგიური მიმართულებები, სასულიერო პირები თუ პარლამენტის წევრები", - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა, რომელიც შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის შუამდგომლობით, ჭელაში მინარეთის დაბრუნება გადაწწდა და ის გუშინ საღამოს 19:00 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო, რასასაც ახალციხეში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლების პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებამდე დალუქვის და დასაწყობების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.