საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იგი საჭიროების შემთხვევაში მზადაა კვლავ დაუბრუნდეს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამის შესახებ ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სადად მისი პოლიტიკაში ყოფნისა და წასვლის მიზეზებს განმარტავს.
,,ყველაზე დიდი სკეპტიკოსებისთვის: მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ამის საჭიროება არ დადგება, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვს, მე დავუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვფიქრობ, ამ წერილის შემდეგ აღარ უნდა დარჩეს კითხვები პოლიტიკიდან ჩემი წასვლის მიზეზებისა თუ მიზნების შესახებ", _აცხადებს ივანიშვილის.
მისივე განმარტებით, ის პოლიტიკიდან წასვლას საპრეზიდენტო არჩვნებამდე არ აპირებს.
,,რაც შეეხება წასვლის დროს, ამასაც წინასწარ ვაცნობებ საზოგადოებას მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ წარმატებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მჯერა, რომ ამ არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მე წავალ მაშინ, როდესაც დავრწმუნდები, რომ ჩვენ არჩეულ კურსს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, როდესაც ყველა სახელმწიფო ორგანო და თანამდებობის პირი მწყობრად იმუშავებს და როდესაც დავრწმუნდები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება", _აცხადებს ივანიშვილი.