,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაქრაძემ განმარტა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ქვეყანაში ახალი დაძაბულობის თავიდან აცილება.
მისივე განმარტებით, ადიგენში მომხდარი ფაქტის მაპროვოცირებელი შემოსავლების სამსახურის არაადეკვატური ქმედება გახდა.
,, ხელისუფლებამ ვერ შეძლო აღეკვეთა და თავიდან აეცილებინა ქვეყანაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა. უფრო მეტიც სწორედ შემოსავლების სამსახურის გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯი გახდა პირდაპირი მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ დაძაბულობის გაჩენის. მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მშვიდობაზე, სამოქალაქო თანხმობაზე ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და უფრო მეტიც ზოგიერთი მინისტრის არაადეკვატური განცხადება გახდა ცეცხლზე ნავთის დასხმა დაძაბულობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად", _განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა, რომელიც შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის შუამდგომლობით, ჭელაში მინარეთის დაბრუნება გადაწწდა და ის გუშინ საღამოს 19:00 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო, რასასაც ახალციხეში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლების პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებამდე დალუქვის და დასაწყობების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.