ახალციხეში მიმდინარე აქციაზე მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მუსლიმთა სამლოცველოს მინართის კონსტრუქციის ამავე სოფელში დასაწყობებას ეწინააღმდეგება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოს ოფიციალური განცხადების გაცნობის შემდეგ განუცხადეს, "მინარეთის კონსტრუქცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის ტერმინალში უნდა დასაწყობდეს".
ამასთან, მომიტინგეები ჯერ-ჯერობით არ აპირებენ დაშლას და თბილისიდან მიმავალ მეუფეს ელოდებიან, რომელიც საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებსა და მუსლიმ მუფტებს შორის გამართულ მოლაპარაკებას ესწრებოდა.
ცნობისთვის, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებამდე დალუქვის და დასაწყობების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ამასთანავე, საქართველოს საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს. ამის შესახებ საგანგებო განცხადება საპატრიარქოში მუსლიმი და მართლმადიდებელი სასულიერო პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
აღნიშნულ შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, სხვა მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მუსლიმი საზოგადოების წარმომადგენელი მუფტები ესწრებოდნენ.
"დღეს საქართველოს საპატრიარქოში შედგა კათოლიკოს პატრიარქისა და მღვდელმთავრების შეხვედრა საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან ადიგენის რაიონში განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით. ამასთან, ვითვალისწინებთ რა მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც, მუსლიმთა სამმართველოსთან შეთანხმებით ვაცხადებთ შემდგეს: პირველი - მინარეტი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ. მეორე - არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის. მესამე - ეთხოვოს ხელისუფლებას დაიწყონ მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობის და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნეს აცილებული რელიგიურ ნიადაგზე შფოთი და დაპირისპირება. ამასთან, მივმართავთ როგორც ქრისტიან, ასევე მუსლიმ მრევლს თავი შეიკავონ გამოსვლებისაგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა,"- განაცხადა საპატრიარქოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.