პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სამცხე-ჯავახეთშო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს თურქეთის სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებულად მიიჩნევს და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობასაც არ გამორიცხავს.
ბაღათურიას თქმით, "სოფელ ჭელაში მომხდარი ფაქტი შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის და მისი დედის - გიული ალასანიას თურქულ ბიზნესწრეებთან არსებულ კონტაქტებს უკავშირდებოდეს და კონკრეტული მიზნის მისაღწევად ხდებოდეს".
"თურქეთის სპეცსამსახურები ძალიან გააქტიურებულები და გათავხედებულები არიან საქართველოში. თურქული 30 ვერცხლი საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან აქტიურად მუშაობს და პროვოკაცია, რომელსაც ახლა ახალციხეში აქვს ადგილი, შეგნებულადაა ინსპირირებული ეთნიკურად ქართველი თურქეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ. ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, მაგრამ ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოში თურქეთის სასარგებლოდ ჯაშუშობენ,"- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ცნობისთვის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მუსლიმთა სამლოცველოს მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის რკინის კონსტრუქციის იმპორტირებისას საბაჟო პროცედურების დარღვევით ახსნა. მინარეთის დემონტაჟს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა და აჭარის მეჩეთთან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა ათასობით მუსლიმმა საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის შუამდგომლობით, ჭელაში მინარეთის დაბრუნება დღეს საღამოს 19:00 საათისთვის გადაწყდა. ამ წუთებში ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობას ახალციხიდან ჭელასკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი. მათი თქმით, ისინი მინარეთის აღდგენას არ დაუშვებენ. აღნიშნულ საპროტესტო აქციაში სასულიერო პირებიც მონაწილეობენ და მომიტინგეთა მოთხოვნებს სრულად იზიარებენ.