ბათუმის ბულვარში მოქმედი თურქული კაფე-ბარის საქმიანობით აჭარის პროკურატურა დაინტერესდა. "პიერ ბათუმს" უკანონო მუშაობაში ადანაშაულებენ სხვა მეწარმეები. „
აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში საკმაოდ ბევრი ტურისტია, ბულვარის შესასვლელთან ერთ დროს პოპულარული კაფე-ბარები ცარიელია, რადგანაც კლიენტები პლაჟზე მოწყობილ თურქულ კაფე-ბარ "პიერ ბათუმს" ანიჭებენ უპირატესობას. ადგილობრივი კაფე-ბარების მეპატრონეები კი საკუთარი ობიექტების დახურვის საშიშროებაზე საუბრობენ და მიზეზად მაღალ საიჯარო გადასახადებს და არათანაბარ სამეწარმეო პირობებს ასახელებენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, ათამდე კაფე-ბარის მეპატრონე "პიერ ბათუმს" უკანონო საქმიანობაშიც ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ "პიერ ბათუმს" მშენებლობის ნებართვაც კი არ გააჩნია, არადა პლაჟზე უზარმაზარი ობიექტის მფლობელია.
"პიერ ბათუმს", რომ ყველა ნებართვა არ გააჩნია და საბუთები სრულ წესრიგში არ აქვს, ადასტურებენ ბათუმის მერიაშიც. მერიაში ნებართის არ გაცემის საბაბად კი გარემოს დაცვის საინისტროს უარყოფით დასკვნას ასახელებენ. ირკვევა ისიც, რომ უკანონო მშენებლობისთვის ზედამხედველობის სამსახურს ობიექტის მფლობელები არ დაუჯარიმებია და მხოლოდ გაფრთხილებით შემოფარგლულა. აჭარის პროკურატურაში კი ადასტურებენ, რომ "პიერ ბათუმის" მიმართ უკანონო მშენებლობისთვის გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ტელეკომპანია „TV25"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის ბულვარში განთავსებულ კაფე „პიერ ბათუმში" სალაროს ქვითარი თურქულ ენაზე გაიცემოდა. ტელეკომპანიასთან საუბრისას რესტორნის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ისინი თურქული პროგრამით მუშაობენ, რის გამოც დოკუმენტიც შესაბამის ენაზე იბეჭდება. რესტორნის წარმომადგენლების განმარტებითვე, ანგარიშსწორება ქართულ ლარში ხდება და სხვა ვალუტას არ ღებულობენ.
თუმცა იმავე დღეს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ შპს ,,BATTUN"-ს (ს/ნ 245626693) რამოდენიმე საკონტროლო-სალარო აპარატი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული აქვს საგადასახადო ორგანოში და მის მიერ მომხმარებლებზე გაცემულ საკონტროლო-სალარო აპარატით ამობეჭდილ ჩეკს ახლავს შესაბამისი ტექნიკური მონაცემები და აუცილებელი რეკვიზიტები. აღნიშნულ ჩეკზე კანონმდებლობის სრული დაცვით მონაცემები ქართულ ენაზეა ასახულია. რაც შეეხება, უცხო ენაზე გაცემულ ამონაწერს, ის არ წარმოადგენს საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილ ჩეკს და არის მხოლოდ გადასახადის გადამხდელის შიდა (არასავალდებულო) დოკუმენტი, რომელსაც გადამხდელი იყენებს საქონლის აღრიცხვისთვის.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის მერიამ 739 კვმ ფართობი ბათუმის ბულვარის ცენტრში თურქულ კომპანიას 29-წლიანი იჯარით გადასცა. სახელშეკრულებო პირობების თანახმად, კომპანია სახელმწიფოს ყოველწლიურად 15 000 ლარს გადაუხდის.