საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში სარჩელი შეიტანა.
კალანდაძის თქმით, იგი მინისტრებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვს, რადგან მისი დაპატიმრება კანონდარღვევით და წესების დაცვის გარეშე მოხდა.
"ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ალასანიამ და წულუკიანმა, იმიტომ, რომ ისინი ყველანაირად ეცადნენ, რომ მოეხდინათ ზეგავლენა სასამართლოზე, ავრცელებდნენ უსაფუძვლო ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ თითქოს მე მივიტაცე 500 ათასი ლარი და მეორე, თითქოს მე მოწმეებზე ვახორციელებდი ზეწოლას სამეგრელოს რეგიონში. ეს არის ტყუილი", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.
გიგი კალანდაძის მიერ შეტანილ სარჩელზე თბილისის საქაალქო სასამართლო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე გასული წლის 7 ნოემბერს დააკავეს.
"2012 წლის 6 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით). 2012 წლის 8 ნოემბერს აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 4 საათზე, უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა ზვიად აბესაძეს, დაახლოებით 5 საათზე კი მას, ბაჩანა ახალიას დავალებით, სახლში მიაკითხა გ. ბ-მ, რომელმაც მოსთხოვა, გაყოლოდა რესტორანში ბაჩანა ახალაიასთან შესახვედრად. დაახლოებით 5 საათზე კ. კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ზვიად აბესაძე და გ. ბ. მივიდნენ ერთ -ერთ რესტორანში, რომლის კუპეში დახვდნენ: ბაჩანა ახლაია, გ. ა., გიორგი (გიგი) კალანდაძე, დაცვის შეიარაღებული და ორი უცნობი პიროვნება. ბაჩანა ახალაიამ ზვიად აბესაძეს ჰკითხა, თუ რატომ მიაყენა გიგი კალანდაძეს სიტყვიერი შეურაცყოფა სატელეფონო საუბრისას, რაზეც ზ. ა.-მ უპასუხა, რომ ტელეფონით მას აგინეს და მანაც გინებით უპასუხა. აღიშნულის შემდეგ გიგი კალანდაძემ ზ. ა. -ს სუფრიდან აღებული კოვზი ჩაარტყა თავში და თან აგინებდა. ზვიად აბესაძე გააკავეს დაცვის თანამშრომლებმა. იმავე დროს, მათთან შემოვიდა დ. ჭ., რომელმაც ზ. ა.-ს სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში, ხოლო შემდეგ გააგრძელა მისი ცემა ხელებით და ფეხებით. იმავდროულად, ბაჩანა ახლაიამ მოთხოვა ზვიად აბესაძეს მის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა „ბმვ"-X6, სახელმწიფო ნომრით ***ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის. ზვიად აბესაძემ იქვე განუცხადა თანხმობა, რის შემდეგაც მას საშუალება მისცეს, განახორციელებინა სატელეფონო ზარი მეუღლესთან. ზვიად აბესაძის ცემა გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ გიგი კალანდაძე, დ. ჭ. და ბაჩანა ახალაია, თანაც ემუქრებოდნენ მოკვლით. შემდგომ ბაჩანა ახალაიამ და გიგი კალანდაძემ დავალება მისცეს დ. ჭ.-ს და გაგა მკურნალაძეს, რომ ე. წ. „სპეცნაზის" ბიჭებთან ერთად ზ.ა.-სათვის აღეკვეთათ თავისუფლება, რაც შეასრულა გაგა მკურნალაძემ ორ „სპეცნაზელთან" და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებთან - მანუჩარ დარასელიასთან და გიორგი კინწურაშვილთან ერთად. კერძოდ, ზვიად აბესაძეს თავისუფლება აღუკვეთეს დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში. ყოველივე ამის შემდეგ ზვიად აბესაძე მიიყვანეს ქ. თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღასრულების დეპარტამენტის შენობასთან, დაუბრუნეს მას კუთვნილი ავტომანქანა, თან გააფრთხილეს, რომ აღნიშნულ საკითხზე არავისთვის არაფერი ეთქვა. ჩადენილი დანაშაულისთვის ბაჩანა ახალაიას, გაგა მკურნალიძეს, გიორგი კალანდაძეს, მანუჩარ დარასელიას და გიორგი კინწურაშვილს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ ა" და „ ე" ქვეპუნქტებით".,"- ნათქვამი იყო საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გიგი კალანდაძის მიერ დაკავების არაკანონიერების თაობაზე მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "შეუძლია, იამაყოს დაკავების იმ ოქმით, რომელიც მის მიერ არის შედგენილი და იმით, თუ კანონის რაოდენ ზედმიწევნით დაცვით იქნა დაკავებული გენერალი გიგი კალანდაძე".
მინისტრის თქმით, გიგი კალანდაძემ "ძალიან კარგად იცის, რომ მისი დაკავებისას მისი ყველა უფლება ზედმიწევნით იყო დაცული".
"იმ პროცესით, რომელსაც გიგი კალანდაძის დაკავების პროცესი ერქვა იუსტიციის მინისტრის მიერ, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სწავლული იურისტი თუ პრაქტიკოსი იამაყებს, იმიტომ, რომ იქ ნაჩვენები იქნა, თუ როგორ უნდა იყოს დაკავებული ეჭვმიტანილი, მისი ყველა უფლების ზედმიწევნით დაცვით. რასაც ახლა ამბობს, ჩემზე კარგად გიგი კანალდაძემ იცის. მე მას ძალიან ბევრჯერ შევუთვალე, ციხეში თუ გარეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან იარაღი ეჭიარა ხელში ქვეყნის ინტერესებისთვის საბრძოლველად და მიუხედავად იმისა, რა შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმის შედეგი, ის, მაინც, ასეა თუ ისე, იმ მუნდირის გამო, რაც მას ეცვა, იმსახურებს, რაღაც გარკვეული ტიპის პატივისცემას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გიგი კალანდაძე დაკავების შემდეგ გირაოთი გათავისუფლდა, ხოლო რაც შეეხება მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების საბოლოო განაჩენს, ისინი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.