სირიის ხელისუფლების მიერ მოსახლეობის წინაღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დადგენა, გახდება კონფლიქტში ძალის გამოყენებით საერთაშორისო ჩარევის საფუძველი, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა.
ფრანგული ტელეარხ BFM TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა, მომწავლელი ნივთიერების გამოყენების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ზუსტად როგორი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია. მან პასუხი არ გასცა კითხვას, გულისხმობდა თუ არა სამხედრო ოპერაცის ჩატარებას, თუმცა მკვეთრად განმარტა, რომ არავითარი საუბარი სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე არაა.
საფრანგეთი, დიდ ბრიტანეთი და თურქეთი გაეროს სირიის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
მათ მოუწოდეს, რომ გაეროს ინსპექტორებს , რომლებიც ამჟამად სირიაში იმყოფებიან, მიენიჭოთ დამატებითი უფლებამოსილება 21 აგვისტოს სახელისუფლებო ძალების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ფაქტის გამოსაძიებლად.
თუმცა დამასკო აღნიშნულზე თავს იკავებს და გაეროს ინსპექტორებს მათი ადგილსამყოფელოდან 1,5 კილომენტში მდებარე ტეროტორიის მონახულების უფლებას არ აძლევს, სადაც ოპოზიციის განმარტებით ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა.
სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფაბრიკაციას უწოდებს, მით უფრო, 1000 ადამიანის დაღუპვის ფაქტს.
შეგახსნებთ, რომ სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტში დაიწყო. სხვადასხვა მონაცმების მიხედვით დაღუპულთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება.
მასალის გამოყენების პირობები