"პროფესიული თეატრების შესახებ" კანონის თანახმად, თეატრში პირველი პირი სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება და საქართველოს მასშტაბით, 36 თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი ხელახლა დამტკიცდება.
აქამდე თეატრის საქმიანობაზე პასუხისმგებლობა თეატრის მმართველს ეკისრებოდა, რომელიც ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას წარმართავდა.
კანდიდატების შერჩევის მიზნით, კულტურის სამინისტროსთან სპეციალური სარეკომენდაციო საბჭო შეიქმნა რომელიც თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოსტებზე წარდგენილი კანიდატურების მონაცემებს შეისწავლის, შერჩეული კანდიდატები კი, კულტურის მინისტრს წარედგინება და მინისტრი მას თანამდებობაზე 4 წლის ვადით დანიშნავს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, სამხატვრო ხელმძღვანელი არანაკლებ სამწლიანი თეატრალური სახელოვნებო გამოცდილების მქონე პროფესიით რეჟისორი უნდა იყოს. "პროფესიული თეატრების შესახებ" ახალი კანონის თანახმად, თეატრის დირექტორსაც მინისტრი ნიშნავს, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით.
საქართველოში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოსტებზე წარდგენილია როგორც თეატრების მოქმედი ხელმძღვანელები, ასევე ახალი კანდიდატურები.
ცნობისთვის, საქართველოში "თეატრის შესახებ" კანონი პირველად 1999 წელს ამოქმედდა, რომლის თანახმად, თეატრში მთავარი პირი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. "ვარდების რევოლუციის" შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თეატრის საქმიანობაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველს დაეკისრა. 2013 წლის აპრილში კი, ძალაში შევიდა პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის მიერ შემუშავებული "პროფესიული თეატრების შესახებ" კანონი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პროფესიული თეატრების საქმიანობის წესს განსაზღვრავს და მის თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილება მმართველის ინსტიტუტის გაუქმების ხარჯზე გაიზარდა.