სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის აქტიური და ხანგძლივი თანამშრომლობის შედეგად, "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ განმარტავდა ტერმინ შემოწირულობას, მაშინ, როდესაც აღნიშნული კოდექსის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მოგების გადასახადისგან ათავისუფლებდა ორგანიზაციის მიერ მიღებულ გრანტებს, საწევრო შენატანებსა და შემოწირულობებს. ტერმინის განუმარტაობა პრაქტიკაში მრავალ გაურკვევლობას იწვევდა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში განმარტავენ, რომ კორექსის ძველი რედაქციით, ბუნდოვანი იყო ჩაითვლებოდა თუ არა ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული ქონება (ვთქვათ, უსასყიდლოდ გადაცემული ავეჯი ან ტექნიკა) ან უფასოდ გაწეული მომსახურება (მაგ. უსასყიდლო იჯარა) შემოწირულობად და უნდა დაბეგრილიყო თუ არა აღნიშნული სარგებელი მოგების გადასახადოთ.
„საგადასახადო კოდექსის" მე-8 მუხლში შესული ცვლილებების თანახმად, ტერმინი შემოწირულობა განიმარტა, როგორც "ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები." აღნიშნული დეფინიციით ნათელი გახდა შემოწირულობის არსი. ამიერიდან ორგანიზაციები აღარ იქნებიან ვალდებული, მოგების გადასახადით დაბეგვრას დაუქვემდებარონ ის სარგებელი, რომლებიც მათ შემოწირულობის ფორმით მიიღეს და ექცევა ამ ტერმინის განსაზღვრების ფარგლებში.
„დამატებით, „საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებებით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 117-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ბიზნეს ორგანიზაციებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითონ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული თანხა, ასევე უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლისა და უფასოდ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი"- აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში.
მათივე ინფორმაციით, მუხლის ძველი რედაქციის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითებოდა მხოლოდ თანხა, რომელიც გადაეცემოდა საქველმოქმედო ორგანიზაციას. ასეთი მიდგომა პრაქტიკაში წარმოშობდა ისეთ სიტუაციებს, როდესაც საწარმოს/მეწარმე ფიზიკურ პირებს უწევდათ მოგების გადასახადით დაებეგრათ საქველმოქმედო ორაგანიზაციებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების/გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულება, რაც ყოველგვარ სტიმულს უკარგავდა მათ, ამ ფორმით გაეწიათ ქველმოქმედება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ბიზნეს სუბიექტებს საშუალება ეძლევათ, მოგების გადასახადით აღარ დაბეგრონ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონებისა და გაწეული მომსახურების ღირებულება, ასევე, ერთობლივი შემოსავალი (მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა) შეამცირონ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გადაცემული თანხის ოდენობით.