"ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მას შემდეგ მოხდება, რაც საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდან გააღწევს,"- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნმა გიგა ბოკერიამ "თავისუფალი ზონისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, "საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი და ეს ასეც მოხდება, თუმცა ამას დრო დასჭირდება".
"ეს მოხდება მხოლოდ იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო ფიზიკურად მისი არაოკუპირებული ნაწილი, მაგრამ საქართველოს ერთიანობა, გააღწევს იმ ზონიდან, რომელიც რუსეთს წარმოდგენილი აქვს თავისი გავლენის სფეროდ, დეკლარირებულად და რომლის შენარჩუნებისთვის ის ასე ღიად იბრძვის", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის მოლაპარაკების ფორმატი, როდესაც რუსეთი და საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით საუბრობენ, ამიტომ ეს ფორმატი საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის და ის აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იყოს".
"ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება - ყურადღება ჩვენი ვითარების მიმართ, რადგან ყურადღება ამცირებს ჩვენს საფრთხეებს ყველა შემთხვევაში. ეს არის ფორმატი, რომელიც ჩვენ არ გვქონდა 2008 წლამდე, რადგან მანამდე არსებული ყველა ფორმატი თავს რუსეთმავე მოგვახვია, ვითომ მოკავშირე, მედიატორი ძალაა, იმიტომ რომ არანაირ პოლიტიკურ ფასს არ იხდიდა პროვოკაციებისთვის. ახლა ეს შეიცვალა. ამ ეტაპზე თუნდაც ხელშესახები პროგრესი არ იყოს, მოლაპარაკებების ეს ფორმატი საქართველოს ინტერესებში შედის და ის აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იყოს,"- აღნიშნა ბოკერიამ.