საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 აგვისტოს ბათუმში დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი მოინახულა.
დაკარგული გოგონას დედამ პრეზიდენტთან შეხვედრა თავად მოითხოვა. ლამზირა მახარაძემ პრეზიდენტს სოციალური ქსელით მისწერა და დაკარგული შვილის პოვნაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა.
მიხეილ სააკაშვილის დარეჯან დიასამიძის ოჯახის წევრებს გაესაუბრა და სამართალდამცველებს გოგონას მოსაძებნად მათ ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ გვყავს ბევრი პროფესიონალი გამომძიებელი, პოლიციელი და უბრალოდ, ვიცი, რომ საზოგადოებამ იცის და აჭარაში განსაკუთრებით შეწუხებულია ხალხი ამ ამბით. მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ეს გოგო ყველამ ერთად მოვიძიოთ. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველგან კამერები აყენია, ყველგან პოლიციის განყოფილებებია, ყველგან ინფორმაციაა. როგორ შეიძლება, რომ მისი პოვნა ვერ მოხერხდეს. მეც შესაბამის ზომებს მივიღებ, ყველას დავურეკავ და ვეტყვი და რამდენიმე დღეში კიდევ შემოგივლით. ვინც ამას უყურებს, მინდა ყველა პოლიციელს ვუთხრა, რომ ხელი გაანძრიონ მართლა რა! ადამიანის ასე დაკარგვა არ შეიძლება პატარა ქვეყანაში, სადაც ამდენი ტექნიკა აქვთ, ამდენი უნარები, ამდენი გაწვრთნა აქვთ, ხელები გაანძრიონ და იპოვონ! დაწყებული მინისტრიდან, დამთავრებული რიგითი პოლიციელით,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მახლობლად, სოფელ ახალშენში მცხოვრები 17 წლის დარეჯან დიასამიძე 8 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
გოგონა მეზობელ სოფელში ბიცოლასთან იმყოფებოდა, საიდანაც შინ უნდა დაბრუნებულიყო თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
დაკარგულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ტელეფონის ნომრის მეშვეობით მტკიცდება, რომ გოგონა 8 აგვისტოს 15:00 საათისთვის ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს დარეჯან დიასამიძის ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონას გაუჩინარების შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.
"სხვადასხვა მედია-საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში მოქალაქეებმა შენიშნეს გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალშენში უგზო-უკვლოდ დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს მიამსგავსეს, ამასთან დაკავშირებით მიმართეს საპატრულო პოლიციას, რაზეც, მათი თქმით, ეკიპაჟმა რეაგირება არ მოახდინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის საპატრულო პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედია-საშუალებებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაკარგული გოგონას ოჯახის წევრები და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამოძიებასთან დაკავშირებით მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ყველა დანაყოფი, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. იმ შემთხვევაში, თუ დაკარგულ გოგონასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, დაკვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - „112" ან მიმართოთ პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.