დილიდან გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის გამო, დამსვენებლების ნაწილმა ურეკის დატოვება დაიწყო.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა დუმბაძის ქუჩაზე. კურორტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები სრულადაა დატბორილი.
სიტქიის შედეგად დაზიანებულია მოსახლეობის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დახოცილია შინაური ფრინველი. რამდენიმე ადგილზე მეწყერიც ჩამოწვა.
ადგილზე ამ დრომდე სამაშველო სამსახურების ბრიგადები მუშაობენ. ოზურგეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, წუხელ ღამის 00:00 საათიდან გადაუღებლად წვიმს და დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოების განხორციელება წვიმის შეწყვეტამდე ვერ ხერხდება.
ვითარებას წყლის არხებთან ახლოს მდებარე არასწორი მშენებლობები ართულებს რომლებიც გაუწმენდავი არხებიდან წყლის სწრაფად გადინების შესაძლებლობას აფერხებს.
ადგილზე უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც უახლოეს მომავალში ზარალის ზუსტ რაოდენობს დაადგენს.