"არავინ იზრუნებს იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ეს ჩვენ ღმერთმა წაგვართვა და ღმერთი დაგვიბრუნებს. ამისთვის კარგად უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიყოთ ნამდვილი ადამიანები და ერთმანეთს უნდა ვუფრთხილდებოდეთ. უნდა დავფიქრდეთ, რას ითხოვს უფალი ჩვენგან და უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ვიფიქროთ, რა დავაკელით ჩვენს სულებს. ღმერთს უნდა ვთხოვოთ პატიება და შეცდომები გამოვასწოროთ",- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
მისი თქმით, "ჩვენი ერი ღირსეულად გაუძლებს იმ გამოწვევებს, რაც მის წინაშე დგას და აუცილებლად ვიბრძოლებთ ღირსეული მომავლისთვის".
"ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს ნამდვილი ადამიანივით და ისე არ უნდა იყოს, რომ ერთმანეთს არ ვუფრთხილდებოდეთ. ადამიანმა ყველაფერი უნდა მიუძღვნას ღმერთს და მოერიდოს იმას, რაც საძაგელია უფლისთვის. თუ გადავხედავთ კაციობრიობის ისტორიას, სადაც უკვე გადადიან ფუფუნებაზე, იქ შემოდის ყოველგვარი გარყვნილება, ცოდვების მორევში გადაშვება. როდესაც ფუფუნებაშია ადამიანი, მას თავი ხშირად ღმერთზე დიდადაც წარმოუდგენია. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ნაფიქრალი არის მართალი, ღვთის სიმართლეს კი გაურბიან, მაგრამ არის მარადიული ღირებულებები და ამას ვერც ერთი საზოგადოება ვერ შეცვლის, რადგან ყველაფერს თავისი სახელი აქვს. ადამიანი ცოდვათა ჭაობიდან თავის დაღწევას უნდა ეცადოს. თუ ქვეყნის ისტორიას გადავხედავთ, არიან ქვეყნები, სადაც ღმერთს არ იხსენიებენ, ზოგან კი ღმერთის სხვა სიტყვებით ჩანაცვლება იწყება. ეს კი გვაგონებს იმ ადამიანებს, რომლებმაც არაფერი იციან. დადგა დრო, როდესაც უარყოფენ ღმერთს და ათეისტობა მიაჩნიათ კარგად. თუ მორწმუნეს დასცინებენ, რატომღაც თვითონ უფრო უკეთესები ჰგონიათ თავი და მენტორული ტონით არიგებენ, როგორ უნდა იცხოვრონ და რა უნდა გააკეთონ. სამყაროში მრავალი კატასტროფა ხდება და ამიტომ ადამიანები უნდა მოერიდონ ისეთ სიახლეებს, რომელიც ღმერთს ეწინააღმდეგება. საშიშია სულიერი კატასტროფა, რომელიც ადამიანს ცოდვების მორევში აგდებს. ჩვენ ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ცოდვას, არ არის ადამიანი, რომელიც არ სცოდავს. ჩვენ იმ ადამიანებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, რომელიც სცოდავს, არამედ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს. ყველა ადამიანმა უნდა იცხოვროს სულიერი ცხოვრებით და ყველამ უნდა შეიყვაროს სამშობლო. საქართველო მოგვცა უფალმა და ვალდებულები ვართ ღვთის სიყვარული ჩვენი ქვეყნის სიყვარულში გამოვხატოთ. რამდენი ჩვენი წინაპარია სამშობლოსთვის თავდადებული და მათ დღევანდლამდე მოგვიყვანეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ვალდებულებები. ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, ღმერთის სამსახურში იცხოვრონ და ღმერთს სთხოვონ პატიება საკუთარი შეცდომებისთვის,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.