"იმედს გამოვთქვამ, რომ ოქტომბრის საპრზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის ბოლო ტესტი იქნება,"- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებლების მოწვევის ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და წინასაარჩევნო გარემოს დააკვირდება, რის შემდეგაც, გარემოს წინასწარი შეფასების მიზნით, 19 სექტებერს პირველი მასშტაბური პრესკონფერენცია გაიმართება.
"მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტული თარიღი გამოცხადდა, ჩვენ ყველა საერთაორისო ორგანიზაციას, ვისაც არჩევნებზე დაკვირვების ტრადიცია აქვს, წერილობით მივმართეთ და სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნა ვთხოვეთ. ეს არის პირველ რიგში ეუთო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის პარლამენტი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ უკვე მივიღეთ დადებითი პასუხები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და ეუთოდან. ეს დამკვირვებლები საქართველოში არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე ჩამოვლენ. მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს ჩამოსული, რადგან ჩვენი უპირველესი ამოცანა ევროპული სტანდარტების, გამჭვირვალე, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მათ ყველანაირი მხარდაჭერა და დახმარება აღვუთქვით იმისათვის, რომ მათ თავიანთი ფუნქციები უპრობლემოდ განახორციელონ და ეს საბოლოო ჯამში, საქართველოსთვის მართლაც სამაგალითო არჩევნები იყოს. იმედს გამოვთქვამ, რომ საპრზიენტო არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის ბოლო ტესტი იქნება,"- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.