საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს.
როგორც საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილება იმ პოლიტიკურ ძალებთან იქნებოდა შეთანხმებული, რომლის დაკვეთებსაც იგი მუდმივად ასრულებდა".
"საარჩევნო შტაბს ხარატიშვილის მიერ ცესკო-ს დატოვებით არაფერი დაუკარგავს და პოლიტიკაც მაინც და მაინც ვერაფერს მოიგებს, რადგან იგი პოლიტიკაში წავიდა. თუ დღეს რამეს ვამბობ და ვაკეთებ, დღესვე ვაკეთებ განცხადებას - მერე კიდევ რამდენიმე დღე ვიცდი, რომ გავაკეთებ განცხადებას, რომ ჩამოვაყალიბო და შევათანხმო ვინმესთან როგორი ფორმით ვთქვა, ამაში მეტი ხელოვნურობაა. ფაქტი ერთია, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყო, რადგან ის ყოველთვის ასრულებდა სხვის გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ვინ დაუკვეთა და როგორ, ალბათ თვითონ იტყვის,"- განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა პარლამენტს თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ განცხადებით 12 აგვისტოს მიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, იგი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის, რომელშიც ღირებულებებზე აგებული პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდებიან. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ახალ პოლიტიკურ ცენტში "ეროვნულ დემოკრატიული პარტია" და პარტია "ევროპელი დემოკრატებიც" გაერთიანდნენ.