საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, იგი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ქმნის, რომელშიც ყველა ის პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთაინდება, რომელიც გარკვეულ ღირებულებებზეა აგებული და მარგინალური და რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩევა.
როგორც ხარატიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პოლიტიკური მოღვაწეობის გადაწყვეტილება საზოგადოების ზედმეტად პოლიტიზირებულობის და გარკვეულ პოლიტრიკურ ძალებს შორის დაუსრულებელი დაპირისპირების გამო მიიღო.
„ჩემი, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი მინდა განვმარტო. პირველ რიგში აღვნიშნავ ჩემი თავმჯდომარეობისას ჩატარებულ ყველაზე რთულ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებს და შემდგომ უკვე 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლითაც საქართველომ დემოკრატიისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, მედიას, საერთაშორისო და ადგილობრივ საზოგადოებას გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს პრტემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის. მე მჯერა, რომ ცესკო-ს კარგად შეკრული გუნდი სათანადოდ ჩაატარებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩემი გადადგომით ამ პროცესს ხელი არ შეეშლება. იმედს გამოვთქვამ, ახალი თავმჯდომარის შერჩევას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პასუხისმგებლობით მოეკიდება. ახლა მინდა მოკლედ განვმარტო ჩემი გადაწყვეტილება და მომავალი გეგმები. აქტიურ პოლიტიკაში ჩართვით მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ ქვეყნის მომავალზე. მზად ვარ, მთელი ენერგია ქართული საზოგადოების განვითარებას, სამოქალაქო მშვიდობის დამყარებას და თანხმობის დამკვიდრებას მოვახმარო. მჯერა, რომ ამ კუთხით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ღირებული წვლილის შეტანას შევძლებ მე გამოვდივარ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით. უახლოეს დღეებში ჩემს თანამოაზრეებთან ერთად იმ კონცეპტუალურ საფუძვლებს ჩამოვაყალიბებ, რის გარშემოც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალბთან და პიროვნებებთან კონსულტაციებს გავმართავთ. პოლიტიკაში დომინირებს სიძულვილის ენა. ყველა ვიღაცის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩართული და მოწინააღმდეგის განკითხვას და განადგურებას ესწრაფვის. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მთელი საქართველო სასამართლოდაა ქცეული. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ამგვარი დამოკიდებულება ფიზიკურადაც და სულიერადაც დაგვანგრევს. საზოგადოება მეტად პოლიტიზირებულია. ქვეყნის და საზოგადოების შენება ჩვენს გულსა და გონებაში იწყება. გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოებაში ურთიერთობის აღდგენას და კონსოლიდაციას მოვახმარო. ვფიქრობ, ღირესეულ წვლის შევიტან საზოგადოების განვითარებაში. შევქმნი ახალ პოლიტიკურ ცენტრს, რომელშიც ყველა ის პოლიტიკური პარტია შეიძლება გაერთიანდეს, რომელიც ღირებულებებზეა დამყარებული და მარგინალური და რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩევა,"- განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თანამდენბობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მისდამი განხორციელებული ზეწოლა უძღოდა თუ არა, ხარატიშვილმა უარყოფითად უპასუხა და საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოთქვა.
ამასთან, ხარატიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული მის პოლიტიკურ ცენტრში „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" და პარტია „ევროპელი დემოკრატების" გაერთიანებაც მოხდეს. მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია და დამატებითი ინფორმაცია 20 აგვისტოს გახდება ცნობილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მხოლოდ პოლიტიკური ცენტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც ამ საკითხს აუცილებლად განიხილავს.