არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის განცხადებით, "თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გაბედავას დაკავება უკანონო იყო, რადგან მას არაფერი დაუშავებია, თავისთვის იდგა და უმიზეზოდ დაიჭირეს".
როგორც კაკაბაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოსახლეობის იმედები ვერ გაამართლა და გარდა სამართლიანობის აღდგენის დაპირებისა, სხვა ყურით მოთრეული წინასაარჩევნო დაპირებებიც დღემდე შეუსრულებელია".
"100 კაცი უყურებდა და ყველა ტელევიზიამ დააფიქსირა თუ რა ხდებოდა ადგილზე და ახალაიას ადვოკატმა ონიანმა როგორი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გაბედავას. დღევანდელი ხელისუფლება არის ნაძირლების და კრიმინალების ხელისუფლება. ესენი ბაჩო ახალაიას გაასამართლებენ და მას ციხეში გაუშვებენ?! პოლიცელები იდგნენ, უყურებდნენ რაც ხდებოდა და ონიანს ხელი ვერ ახლეს. ესენი სამართალს ვერ აღადგენენ და სამართალი ხალხმა უნდა აღადგინოს. დემოკრატია ლობიოს ჭამა არაა, დემოკრატია წესრიგს და სამართლიანობას ნიშნავს,"- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გიორგი გაბედავა დააპატიმრეს. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, გაბედავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - წვრილმანი ხულიგნობა ედება ბრალად.