ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციებისა კახეთის 8-ვე რაიონში და ლანჩხუთის რაიონში კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბების მასობრივად დატოვების თაობაზე, პარტია "ქართული ოცნების" დაშლაზე საუბარი ნაადრევია.
როგორც საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "გარკვეულწილად, კოალიცია "ქართული ოცნებისადმი" საზოგადოებაში კრიტიკული დამოკიდებულებაც გაჩნდა, რაც მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვნად აისახება.
"კახეთის და ლანჩხუთის მონაცემები რამდენად რეალურია არ ვიცი, თუმცა რომც დამტკიცდეს, "ქართული ოცნების" დასლაზე საუბარი მაინც ნაადრევია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს იოლი ბრძოლა არ მოუწევს. საზოგადოებაში კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდა და ეს რა თქმა უნდა, მარგველაშვილის მხარდაჭერაზე აისახება, თუმცა "ქართული ოცნებისადმი" კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ მარგველაშვილის მოსაგვარებელი არ არის. ეს დამოკიდებულება მთელმა პარტიამ უნდა შეცვალოს, რადგან მარგველაშვილის წინასაარჩევნო დანაპირებები დამაჯერებელი იყოს,"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, სენაკის რაიონში კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის პირველ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობისთვის საინტერესო პოლიტიკური გზავნილები გაისმა.
"სიმართლე გითხრათ, დეტალურად არ გავცნობივარ მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას, თუმცა ის მესიჯები, რაც მედიასაშუალებებით გავრცელდა და ის ნაწილები, რაც მე ვიხილე,, საკმაოდ ენერგიული დასაწყისი იყო და სწორად დაისვა ის აქცენტები, რომლებიც მოსახლეობას აინტერესებს,"- აღნიშნა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული საქართველოს" კახეთის რეგიონის და ლანჩხუთის ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნულ რეგიონებში კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ასობით წარმომადგენელმა მმართველი პარტია დატოვა და ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება.