საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიის" 4 ფეხბურთელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაკავებულებს ბრალი ხულიგნობაში ედებოდათ.
"ლანჩხუთში გუშინ საღამოს სამართალდამცველებმა 4 ფეხბურთელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ხულიგნობას გულისხმობს. 4-ივე მათგანი გუშინვე ხელწერილით გათავისუფლდა და სასამართლო სხდომა სავარაუდოდ, დღეს გაიმართება,"- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
არსებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და საკუთარ თანაგუნდელებს განსხვავებული შეხედულებების გამო დაუპირისპირდნენ.
სავარაუდოდ, უკმაყოფილების მიზეზი კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები გახდა, რის გამოც, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდიდან დაითხოვეს.