დღეს რუსეთმა მადლობა ასე გამოხატა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის, ასე ეხმიანენა უკრაინის პრზეიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას, რომელსაც 12 ადამიანი ემსხვერპლა.
"დღეს რუსეთმა მადლობა ასე გამოხატა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის - ზაპოროჟიეში საცხოვრებელ შენობებს ხუთი მართვადი საავიაციო ბომბით დაარტყა.
ამ დროისთვის, სამწუხაროდ, დადასტურებულია, რომ დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
კიდევ 14 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. კვლავ მოწმდება ინფორმაცია კიდევ 12 ადამიანის შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, თავდასხმის დროს იქ იმყოფებოდნენ.
ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
ღამით ჩვენს 13 რეგიონს დაესხნენ თავს. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, ინფრასტრუქტურა და სარკინიგზო ობიექტები.
გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის ნებისმიერ შემსუბუქებას ისე აღიქვამენ, თითქოს მათ შეუძლიათ ომის გაგრძელება და ქალაქების დაბომბვა.
საჭიროა განსხვავებული სიგნალები. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს, ამისთვის კი მან საკუთარი დანაკარგები უნდა იგრძნოს.
ამჟამად სწორედ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედების საშუალებები უზრუნველყოფს ამას.
რუსეთის დარტყმებს პასუხს გავცემთ.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება", - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ - 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.