უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის ნებართვა და სანქციების შემსუბუქება ომში ინვესტიციის ტოლფასია.
ზელენსკიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დეესკალაციის მკაფიო და გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება სისუსტის აშკარა გამოვლინება იქნება.
"დღეს კიევში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ - ორპარტიული დელეგაცია. მადლიერი ვარ, რომ ასეთ რთულ დროს უკრაინას ეწვივნენ. მათ იკითხეს: „რა არის საჭირო ომის დასასრულებლად?“ პასუხი მტკიცე უნდა იყოს. საჭიროა სანქციები ლინდსი გრემის კანონპროექტის საფუძველზე, უკრაინის მხარდაჭერა ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და რუსეთზე ზეწოლა ომის გამო.
დღეს ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შორის საუბარიც გაიმართა. საუბარი, რომელსაც რაღაც სხვა უნდა მოჰყვეს.
ცოტა ხნის წინ ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის შესახებ. ამის შემდეგ რუსეთის დარტყმები და ადამიანების მიმართ ძალადობა მხოლოდ გაიზარდა.
მხოლოდ ამ კვირაში: რუსეთის სარაკეტო დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე პრილუკში, საჰაერო დარტყმები კრამატორსკში - ჩვეულებრივ სამგზავრო ავტობუსებზე, კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განუწყვეტელი შეტევები, დარტყმები დნიპროს, ხარკივის, ოდესისა და ჩვენი სხვა ქალაქების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ათობით ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.
რუსეთი ფრონტის ხაზზე მისთვის დასახული მიზნების მიღწევის უუნარობას ამ ტერორით ანაზღაურებს. წელს რუსეთი ფრონტის ხაზზე უფრო სუსტია, ვიდრე ომის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ყოფილა. სწორედ ამიტომ ეყრდნობა პუტინი ტერორს. სწორედ ამიტომ ცდილობს კულისებში გარიგებების მიღწევას, რათა რუსეთზე ზეწოლა ამა თუ იმ ფორმით შეამსუბუქოს და ომის გასაგრძელებლად მეტი დრო და შესაძლებლობა მოიპოვოს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება რუსეთთან დეესკალაციის მკაფიო და გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე აშკარა სისუსტეა. ეს რუსეთის ინტერესებშია - ის უფრო მეტ ადამიანს მოკლავს, ომს უფრო დიდხანს გააგრძელებს, ამერიკას კიდევ უფრო ნაკლებ პატივს სცემს და მსოფლიოს კიდევ უფრო მეტ ზიანსა და დანაკარგს მიაყენებს.
უკრაინა მზად არის დეესკალაციის საპასუხო ნაბიჯებისთვის და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. ჩვენი დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ნავთობობიექტებზე რუსეთის პასუხია უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე წლების განმავლობაში მიმდინარე ტერორისტულ კამპანიაზე.
უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაბომბავს, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ გაანადგურებს. სწორედ ასეთ შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკას და მიგვაჩნია, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა აქვს ამ კომპრომისის მისაღწევად.
პუტინისთვის საჩუქარი მშვიდობას ვერ მოიტანს და ვერც ცივილიზებულ სამყაროს მოუტანს რაიმე სარგებელს. რუსეთი დიზელის საწვავს შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „აანაზღაურებს“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის ნებართვა იმ ომში ინვესტიციაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს.
რუსეთთან რეალური დეესკალაციაა საჭირო, ურთიერთსაპასუხო ნაბიჯების საფუძველზე.
ველით, რომ ამერიკა სამართლიანად დაგვიჭერს მხარს სიცოცხლისა და უკრაინაში მცხოვრები ადამიანების დასაცავად და რუსეთთან შესაბამისი სიმტკიცით წარმართავს დიალოგს. მტკიცედ და არა სუსტად", - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, ახლახან ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრანმპმა, ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.