საქართველოს თავდაის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა, სადაც ივანიშვილმა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მზაობა გამოთქვა.
ალასანიას შეფასებით, "ამ კუთხით საქართველოს ახალ ხელისუფლებას ახალი პოლიტიკური მიდგომები აქვს, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს".
"ჩვენი არაკეთილმოსურნე ყოველთვის ცდილობდა, რომ შინარსიანი კონტაქტი, შერიგება და ნდობის აღდგენა არ შემდგარიყო და მომხდარიყო მხარეებს შორის. ეს იყო პრობლემა 20 წლის განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ არჩეული პოლიტიკა - საზოგადოებებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენა და სახალხო დიპლომატია ის საფუძველია, რაზეც შემდგომი პოლიტიკური მოწესრუიგება უნდა დაფუძნდეს და ამას ვერც რუსეთი და ვერც ერთი სხვა მხარე ხელს ვერ შეუშლის,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "საქართველოს ხელისუფლება მზადაა, აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს".
"ჩვენ მზად ვართ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისათვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებსა და ოსებს ჩვენსკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს მათ, რომ საქართველოა მათი სამშობლო", - განაცხადა ივანიშვილმა.