ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული პროცესის მოსამართლის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის რეზიენციაში შეჭრის მცდელობისთვის დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ლიდერს კახა კახა მიქაიას 100-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
როგორც მიქაიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, "იგი მის დაკავებას უკანონობად მიიჩნევს, რადგან მისი აყვანა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის დროს მოხდა".
"მე არაფერი დამიშავებია. რეზიდენციასთან ვიყავით შეკებილები და ვაპროტესტებდით სამეგრელოში მიხეილ სააკაშვილის თარეშს, რომელსაც არავითარი მორალური უფლება არ აქვს ზუგდიდში ჩამოვიდეს. ჩემი მოთხოვნა იყო გუნავასთან და სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრა და ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციდან რამდნიმე კილომეტრში აღმოჩენილი ადამიანების საწამებელი სამალავების შესახებ კითხვებზე პასუხების პირადად მათგან მოსმენა. არ ვეთანხმები ბრალდებას, მე არ ვარ ხულიგანი. ხულიგანი და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია და მას ეკისრება სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ყველა იმ უბედურებაზე, რაც 9 წლის განმავლობაში საქართველოში დაატრიალა. ვერ ავიტანთ მეგრელები ზუგდიდში სახელმწიფო დამნაშავე დადიოდეს. სააკაშვილი ტობავარჩხილის ტბაზე სალაშქროდ კი არ უნდა მიდიოდეს, მუხლებზე ფორთხვით ცოდვებს უნდა ინანიებდეს,"- განაცხადა კახა მიქაიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული კახა მიქაიას სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელბმა საქართველოს პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელი კახა მიქაია გუშინ ღამით დააკვეს.
არსებული ინფორმაციით, მიქაია ქვეყნის პირველი პირის რეზიდენციაში შეჭრას მაშინ ცდილობდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრთან ერთად იმყოფებოდა.
მიქაიას დაკავების პარალელურად, ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან რამდენიმე ასეული ადამიანის მონაწილეობით საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლებიც ქვეყნის პირველ პირს და მასთან ერთად მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად გუშინ გაემგზავრა და ჩხოროწყუს რაიონში მდებარე ტობავარჩხილის ტბაზე სამ დღეს გაატარებს. მისი თქმით, ბოლო 10 თვეა კაბინეტში უწევს ყოფნა და "ამაზე საშინელი საერთოდ არაფერი არ არის".
"ბოლო ათი თვეა ვზივარ კაბინეტში და მეზიზღება ეს ფაქტი. არც არაფერი არ ხდება. კაბინეტში ჯდომაზე საშინელება საერთოდ არაფერი არ არის. ამიტომ მივდივარ ახლა ტობავარჩხილის ტბაზე ფეხით. ოღონდ გავექცე კაბინეტს და აქაურობაზე ფიქრს", - განაცხადა სააკაშვილმა.